რამდენ მგზავრს მოემსახურნენ საქართველოს აეროპორტები - მონაცემები განახლდა

საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებით 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 5,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა - აღნიშნული მაჩვენებელი 26%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 37%-ით მეტი 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებზე, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე აეროპორტში.
საქართველოში ყველაზე პოპულარულ აეროპორტად კვლავ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი რჩება - მიმდინარე წლის ცხრა თვეში იგი 3,6 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით 31% და 22%-ით მეტია.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტით 1,3 მლნ მგზავრმა ისარგებლა. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 104% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 753,5 ათას მგზავრს მოემსახურა - 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით მეტს.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში შესრულდა 24,3 ათასი ავიარეისი - 25% და 26%-ით მეტი 2023 და 2019 წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 114%-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სულ 219.876 ფრენა დაფიქსირდა.
პოზიტიური დინამიკა გრძელდება საჰაერო ტვირთების გადაზიდვებში. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 17.216,208 ტონა შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 24%-ით გაიზარდა.
2024 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში ოპერირებს 53 ავიაკომპანია, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 104 მიმართულებით ასრულებს.