თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს „შუა დერეფანში" ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის სტრატეგიული პროექტია. მისი მეშვეობით საქართველომ უნდა გაიმყაროს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია - დააკავშიროს ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემები ერთმანეთს, მოემსახუროს ტვირთნაკადს შუა დერეფანში, რომელიც არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმოკლესი და ყველაზე უსაფრთხო გზა დღესდღეობით.
„შუა დერეფნის" ინიციატივის ჭრილში თუ შევხედავთ ანაკლიის პორტის პროექტს, რა თქმა უნდა, ის სერიოზულად წაადგება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. პირველი ფაზა გათვლილია 600 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანუ 2029 წლისთვის, პირველ გემებს მივიღებით, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს, რაც ძალზე დიდი რესურსია.
„ყოველივე ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის ზრდასა და ბიუჯეტის შევსებაზე. შესაბამისად, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩინური ტვირთების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი, ამიტომაც მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩინურ-სინგაპურულ კომპანიასთან ერთად განხორციელდება ეს პროექტი", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესები.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, რომლის გათვალისწინებითაც, სახელმწიფოს რჩება 51 % - საკონტროლო პაკეტი ამ პროექტში. შესაბამისად, ყველა თვალსაზრისით არის მაქსიმალურად გატარებული ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა კობახიძემ.
ანაკლიის პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს. ამ მასშტაბურ პროექტში სახელმწიფოს კერძო პარტნიორი გახდა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbor Investment Pte. იგი იყო ერთადერთი კომპანია, რომელმაც ინტერესი გამოხატა პორტის განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებაში.
გარდა ამისა, ხელი მოეწერა შეთანხმებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე - ეკონომიკის სამინისტრომ შეთანხმება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან გააფორმა.
შეთანხმების თანახმად, ბელგიური კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო კომპანია „ანაკლიის საზღვაო პორტის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ და Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა მოაწერეს.
ახლა 2023 წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია „ანაკლიის საზღვაო პორტი“ კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ერთობლივი კომპანია პორტის განვითარების ვალდებულებას იკისრებს.
წარუმატებელი პირველი მცდელობა
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.