თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. 2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველომ დაახლოებით 5,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 4 მილიონი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
მიმდინარე წლის სამ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,1%-ით გაიზარდა. რაც შეეხერბა ტურისტულ ვიზიტებს, იგი 2023 წლის სამ კვარტალთან შედარებით 9,2%-ით გაიზარდა.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების კუთხით
2024 წლის იანვარი-სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს - 1,1 მილიონზე მეტი, რაც 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2024 წლის იანვარი-სექტემბერი
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 1 111 | -3,3 |
თურქეთი | 1 060,3 | -2 |
სომხეთი | 732,3 | -0,5 |
ისრაელი | 229,7 | 25,8 |
აზერბაიჯანი | 163,2 | 10,9 |
ქვეყნების ტოპ-15-ში შედის ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.
რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში სახმელეთო საზღვრებით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 62,2%.
ჩამოსულების რაოდენობით, „სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა - (უცხოელთა საერთო რაოდენობის 37,1%). აქ ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებით 1,2 მილიონამდე მგზავრმა ისარგებლლა.