თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და კახეთში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 21-დან 67 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მდმა“, „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 19-25-260-ე, 265-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.