ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტის მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“, რომელზეც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ იგი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, 495 ხმით 73-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების აუცილებლობაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებული კანონების გაუქმებაზე.
რეზოლუციაში არის ევროკავშირისადმი მოწოდება გაყინოს საქართველოს მთავრობისთვის ყველა დაფინანსება და შემოიღოს სანქციები „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
ევროპარლამენტის მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებასა და თავისუფალ არჩევანს და „უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას“, ნათქვამია რეზოლუციაში.