თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ფოსტის სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება. ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიო საფოსტო კავშირის სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი.
„დღეს, ციფრულ ეპოქაში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გლობალური პროგრესის ფონზე, საფოსტო სფერო ვითარდება და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაში", - ნათქვამია დავითაშვილის მილოცვის ტექსტში.
მინისტრის თქმით, საფოსტო მომსახურების, როგორც სერვისის მიმწოდებლის წარმატების საფუძველი ნდობაა. ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილი მოძრაობს მილიონობით მომხმარებლისთვის.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ სერვისებზე და განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ კიდევ უფრო გამოკვეთა საფოსტო სფეროს მნიშვნელოვანი როლი - ის ხელს უწყობს არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ გლობალურ ეკოსისტემაში ციფრული ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტორსა და ხელშესახებ ელემენტს წარმოადგენს.
„შეიძლება ითქვას, რომ ფოსტა ის დარგია, რომელიც, პრაქტიკულად, ყოველი ჩვენგანის, თითოეული ადამიანის ცხოვრებას ეხება, და ეს ხდება თქვენი, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაუღალავი შრომით, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ძალისხმევით საქართველოს ფოსტის შემდგომი განვითარება უწყვეტად გაგრძელდება,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
გაეროს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ფოსტის თანამშრომელია. ხალხი მათ ანდობს სხვადასხვა პერსონალურ ნივთებს – შეტყობინებებიდან და საჩუქრებიდან დაწყებული, თანხით და მედიკამენტებით დასრულებული.