ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა

23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კი 2 მილიონით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ფრანგული „სენ ეტიენის" ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის საბაზრო ღირებულება 5 მლნ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
7 ოქტომბერს, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.
23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, 2 მილიონით გაიზარდა.
სატრანსფერო ფასი შეეცვალა საქართველოს ნაკრების კიდევ სამ მოთამაშეს. „ჯვაროსნებში“ პირველად გამოძახებული „სარაევოს“ თავდამსხმელის გიორგი გულიაშვილის საბაზრო ღირებულება 500 ათასიდან 800 ათას ევრომდე გაიზარდა.
მანამდე „კრაკოვიას“ კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის შეფასება 1,5 მილიონი ევრო გახდა. ბუდუ ზივზივაძის ფასი 1,8 მილიონია (იყო 900 ათასი), ხოლო დონეცკის „შახტარის“ მცველის, ირაკლი აზაროვის – 5,0 მილიონი (ნაცვლად 3,5 მილიონისა).