თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. გურიის რეგიონში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჩხვარეთის და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი; სპეციალურ სადგურებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები", - ნათქვამია განცხადებაში.
ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამინდის გაუარესებასთან ერთად აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება, რა დროსაც საცხოვრებელი სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთოს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში და სახლის პირობებში მექანიკური მეთოდები გამოიყენონ.
მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.