თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება იმის თაობაზე, რომ დემოკრატიის უკუსვლის შედეგად საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს, პოლიტიკურად ანგაჟირებულია, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორატზე (DG NEAR) დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ამავე ცნობებით, 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.
„სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? - იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული (უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემოსული თანხა - რედ.)?... ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება და ამომრჩეველს ეს კარგად ესმის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ვოლსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, ევროკავშირი კი ამ დროს საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე და ქვეყნის წინააღმდეგ ზომების მიღებაზე.
„ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ევროკავშირისგან გამოყოფილი თანხებით უნდა განხორციელებულიყო, ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და მათი რეალიზაციისთვის რესურსების მობილიზება. საუბარია სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში მის განცხადებას ევროკომისიის სამეზობლო და ევროკავშირის გაფართოების გენერალური დირექტორატის მიერ ქართულად თარგმნილი ინფოგრაფიკები დაურთო.
ინფოგრაფიკაზე ნაჩვენებია 2024 წელს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილება საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, მოლდოვასა და ბელარუსს შორის და აღნიშნულია, რომ გამოყოფილი თანხების განაწილების დამტკიცების პროცესი გრძელდება.
ინფოგრაფიკაში მხოლოდ საქართველოს შემთხვევაშია საუბარი დახმარების ნაწილის გაცემის შეჩერებაზე, ძირითადად, სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონული განვითარების პროექტებზე.
კერძოდ, ნათქვამია, რომ ევროკავშირის 121,3 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეჩერებულია ან გადანაწილებულია დემოკრატიული სტანდარტებიდან უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.