საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, მაგრამ არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვთ რეგისტრაცია, 7 ოქტომბრის დღის ბოლომდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები ხმის მიცემას 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე შეძლებენ. როგორც ცესკოში განმარტეს, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში იხსნება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ან რომელთა რეგისტრაციის ადგილი დადგენილი არ არის.
შესაბამისი დადგენილების მიღების ინიციატივა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, რომელმაც არჩევნებისთვის სახელი გადაირქვა, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ეწოდა და პარტიულ სიაში ამ სახელწოდების კოალიციის წევრები შეიყვანა.
ამ სიახლემ უნდა წერილი უნდა დაუსვას ამ თემაზე ყველა სპეკულაციას, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ ინიცირებული დადგენილებით, ისევე როგორც ცესკოს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიების წარმომადგენელთა განცხადებებით დასტურდება, რომ ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი.
ცესკოს განცხადებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მეტიც, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ავსტრალია.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიქმნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3.000 ამომრჩევლისთვის.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ეშინია უზარმაზარი ქართული დიასპორის და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არ გახსნით ართმევს მათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. პრეზიდენტმა ყველაფერში ცენტრალური საარჩევნო კომისია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამას მოგვიანებით დაადგენს.