პაპუაშვილი: ჰერჩინსკის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კანონის დარღვევა

ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა სამი ტელეარხის მხრიდან, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებამ, რომელმაც პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, რომლებზეც გამოსახულია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნგრევა, სამარცხვინო უწოდა, მმართველ პარტიასთან მიმართებით კანონის დარღვევა გამოიწვია, რაც არის არჩევნებში გარე ძალების ჩარევის დასტური, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლების განთავსებაზე უარი განაცხადეს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეარხები სრულად იზიარებენ ჰერჩინსკის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ კამპანია და შესაბამისად უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ტრანსლირებაზე. ტელეარხებმა ასევე აღნიშნეს, რომ რეკლამის განთავსებაზე უარის გამო მათ ჯარიმები ემუქრებათ. ტელეკომპანიების მიმართ არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოხატა მხარდაჭერა.

„მოცემულ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება. ამიტომ, იმედი მაქვს, როგორი გაბედულიც იყო ევროკავშირის ელჩი ამ რეკლამის შეფასებაში, ისეთივე გაბედული იქნება საარჩევნო დარღვევების შეფასებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თქმით, ცხადია, რომ ოპოზიციურ ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ არ გაუშვან „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი.
„ეს არის აბსოლუტური თვითნებობა და კანონის დარღვევა სამი ტელევიზიის მხრიდან, რაც ერთ რამეზე მიუთითებს: „ქართულ ოცნებისთვის“ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა სურთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ტელეარხების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ეფუძნება არა საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადებას.
„ეს არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება მათ პარტიულ კუთვნილებას ადასტურებს.
„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასტური მათი პარტიულობის შესახებ, ვინაიდან ისინი არათუ ამას როგორც დარღვევას ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ კიდეც", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს და მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED).
„ყალბ დასკვნაში, რომელშიც ისინი პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს არჩევნების შედეგები გვიან გამოქვეყნდა, თითქოს ოლქების 8%-ში იყო დისბალანსი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე მისცეს ოპოზიციას საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის, აღნიშნა სპიკერმა.
„ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს არასამთავრობოები", - აღნიშნა მან.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციის პირველი ყალბი დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ დაინახა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და რომელშიც დარღვევა იყო გამართლებული და ასევე იყო ტელევიზიებისთვის პირდაპირი მოწოდება არ გაევრცელებინათ სარეკლამო ვიდეორგოლები.
„ეს აჩვენებს პირდაპირ რისთვის ემზადება ეს ე.წ. დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნებზე. მოსალოდნელია, რომ 26 ან 27 ოქტომბერს იქნება იგივე სიყალბე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დამნაშავე ფორმულაა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეორე დღეს გახდა ცნობილი. ცესკომ ხმების 100% დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,15% მიიღო, ISFED-მა კი გამოაცხადა 45,8%.
ოპოზიციის თითქმის თვენახევრიანი პროტესტის შემდეგ, რომელმაც ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა, ISFED-მ დაშვებული შეცდომა აღიარა.
ხმების პარალელური დათვლის 2020 წლის 11 დეკემბრის განახლებული შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ ხმების 47,6% მიიღო. ანუ ISFED-ის თავდაპირველი მონაცემები 1,8 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო შესწორებულზე და 2,34 პროცენტული პუნქტით ნაკლები ცესკოს შედეგებზე.
როგორც მაშინ ISFED-მ განმარტა, პრობლემა ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩნდა. კერძოდ, დაითვალეს ბათილი ბიულეტენები. ISFED-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომის გამოსწორების შემდეგ, შედეგები ოდნავ შეიცვალა და ეს არანაირად არ მოქმედებს მხარეთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად აწარმოებდა.
სკანდალური რეკლამა და არჩევნები
ბილბორდები, რომელმაც ქართული ოპოზიციის, უკრაინისა და ევროკავშირის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, როგორც საქართველოს მმართველ პარტიაში განმარტეს, არის იმის დემონსტრირება, რომ ამომრჩეველს ამჯერად მოუწევს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის.
ბანერებზე ჩანს ერთი მხრივ უკრაინაში ნგრევა, მეორე მხრივ საქართველოს ულამაზესი ხედები.
თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, „ქართული ოცნების“ ამავე ფორმატის წინასაარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.
მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა „არა ომს!" და გადახაზულია ციფრები 4, 5, 9, 25. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.
მარჯვენა მხარეს იშლება ულამაზესი ხედები საქართველოს ქალაქების, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აშენებული და გარემონტებული ისტორიული შენობების, სპორტული ობიექტების და ა.შ. ამ მხარეს არის წარწერა: „აირჩიე მშვიდობა".
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყანაში შესაძლებელია ხდება მშვიდობის შენარჩუნება. ამიტომაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მოუწოდებს ხალხს, გააკეთოს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.