კალაძე აშშ-ის საელჩოს ბანერებზე: ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ

ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გარედან ჩარევები, რაც აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებით.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული ბანერები სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოს გვერდზე 1 ოქტომბრიდან თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება. პარასკევს გამოქვეყნდა მორიგი ბანერი წარწერით: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
„კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ... ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ”, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მან აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია აშშ-ის მხრიდან ამ ტიპის დამოკიდებულება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საერთაშორისო მისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გააგებინოს აშშ-ის საელჩოს მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტები.
კალაძის თქმით, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.
როგორც ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოში საარჩევნო პროცესებში გარე ძალების ჩარევა ძლიერდება, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიციას მორიგ ჯერზე მარცხი ელოდება.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს -პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.