დავითაშვილმა ლიგა 1-ში პირველი ქართული ჰეთ-თრიქი შეასრულა

დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10-დან 10 ქულა
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ ეტიენის“ „ოსერის“ წინააღმდეგ მატჩში პირველი ჰეთ-თრიქი გაიფორმა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ეს ლიგა 1-ში ქართველი ლეგიონერების პირველი ჰეთ-თრიქია.
დავითაშვილმა ანალიტიკური პორტალ Whoscored-სგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა - 10 ქულიდან 10, პორტალმა Flashscore-მა ფეხბურთელს 9,0 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 9,3, ქულა.
„ვინ გააჩერებს ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში? ბოლო 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა“, - დაწერა ლიგა 1-ის ინგლისურენოვანმა გვერდმა.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენში" „ბორდოდან" მალევე გადავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა 10 ივლისს გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. კონტრაქტი ოთხ წელზეა გათვლილი.
დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლიდან თამაშობდა. 2023 წლის ზაფხულში მან კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი (2027 წლამდე).
2018 წელს გაზეთმა Guardian-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა, 2020 წლის დასაწყისში კი უეფამ ზურიკო დავითაშვილი 50 ახალგაზრდა ტალანტის სიაში შეიყვანა.