თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დასუსტდა და არჩევნების შემდეგ ხალხის ნების გათვალისწინებას არ აპირებს, განაცხადა განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და როცა საქმე ევროპული პროგრამის შესრულებაზე მივა, საკმაოდ რთული იქნება სწრაფი ტემპებით წინსვლა.
ამიტომაც პრეზიდენტის შეთავაზებაა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებებში საქართველოს მხარდაჭერაზე.
„ის, რომ ოპოზიცია დასუსტებულია, ამას აღიარებს „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იგი ამბობს, რომ რაღაც ტექნიკური მთავრობა, დროებითი პარლამენტი უნდა იყოს და ა.შ. მათი უსუსურობა და უაზრობა იმაშიც ჩანს, რომ რას ნიშნავს დროებითი პარლამენტი - 3 თვეში სხვა ხალხი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში?", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ოპოზიცია ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებს, რადგანაც მათ ხალხის ნება არ აინტერესებთ.
„რატომ ახორციელებენ ზეწოლას ხალხზე, რომელიც არჩევნებში ახლა იღებს მონაწილეობას, რომ დააკომპლექტოს პარლამენტი და ეუბნებიან, რომ სამ თვეში სხვანაირად დააკომპლექტებენ. შეიცვლება მოქალაქეების რაოდენობა, მოქალაქეები გაიზრდებიან თუ როგორაა? ამაზეც ემჩნევათ, რომ მათ არ სურთ ხალხის გადაწყვეტილების გათვალისწინება და პირდაპირ უნდათ, რომ ის პოლიტიკური ძალა იყოს ხელისუფლებაში, რომელსაც თავად სურთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.