თბილისი, 5 ოქტომბერი- Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნულმა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული – მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესების მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პედაგოგთა შრომის დაფასება წარმოადგენს.
„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს მივულოცო, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, არსებობს საერთო ინტერესი – ხარისხიანი განათლება, რაც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც განათლების სამინისტრო პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და პრესტიჟის გაზრდას.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრმა პედაგოგებს თავდადებისა და პროფესიისადმი ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა.
ალექსანდრე წულაძემ მინისტრის პოსტი 2 სექტემბერს დაიკავა, აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი ამილახვარი შეცვალა, რომელმაც პოსტი 28 სექტემბერს, საკუთარი სურვილით დატოვა.