ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს პრემიერი?

ირაკლი კობახიძეს მთავრობის მეთაურის პოსტი 2024 წლის თებერვლიდან უკავია
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭო მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, თუ ვინ მიიღებს მთავრობის დაკომპლექტებისა და ქვეყნის უახლოეს ოთ წელში მართვის უფლებას.
„პოლიტსაბჭოს ვკითხე და დამიდასტურეს, რომ დიახ, ასე იქნება... ისინი აპირებენ ჩემს პრემიერ-მინისტრად დატოვებას“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად მოხდება.
„კონსტიტუცია ითვალისწინებს შესაბამის პროცედურას. ეს ხდება არჩევნების შემდგომ, პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ“, - აღნიშნა კობახიძემ.
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.