ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბილბორდებს სამარცხვინო უწოდა

როგორც მმართველ პარტიაში განმარტეს, ბილბორდები არის იმის დემონსტრირება, რომ ამომრჩეველს ამჯერად მოუწევს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, რომლებზეც გამოსახულია უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად გამოწვეული ნგრევა, სამარცხვინო უწოდა.
ბილბორდები, რომელმაც ქართული ოპოზიციის, უკრაინისა და ევროკავშირის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, როგორც საქართველოს მმართველ პარტიაში განმარტეს, არის იმის დემონსტრირება, რომ ამომრჩეველს ამჯერად მოუწევს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის. ბანერებზე ჩანს ერთი მხრივ უკრაინაში ნგრევა, მეორე მხრივ საქართველოს ულამაზესი ხედები.
„ვფიქრობ, რომ ისინი (ბილბორდები - რედ.) იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას", - განაცხადა ჰერჩიმნსკიმ ჟურნალისტებთან.
თბილისის ქუჩებში ბანერების გარდა, „ქართული ოცნების“ ამავე ფორმატის წინასაარჩევნო ვიდეორგოლიც გამოჩნდა.
მარცხენა მხარეს არის გამოსახული დანგრეული შენობები და ეკლესიები უკრაინაში, მათ შორის მარიუპოლში. ასევე არის წარწერა „არა ომს!" და გადახაზულია ციფრები 4, 5, 9, 25. ეს არის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებების საარჩევნო ნომრები: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, ასევე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.
მარჯვენა მხარეს იშლება ულამაზესი ხედები საქართველოს ქალაქების, მოქმედი ხელისუფლების პირობებში აშენებული და გარემონტებული ისტორიული შენობების, სპორტული ობიექტების და ა.შ. ამ მხარეს არის წარწერა: „აირჩიე მშვიდობა".
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა XXI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყანაში შესაძლებელია ხდება მშვიდობის შენარჩუნება. ამიტომაც, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარტია მოუწოდებს ხალხს, გააკეთოს არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე საარჩევნო კამპანია უცხოეთიდან უპრეცედენტო ჩარევის ფონზე მიმდინარეობს.