საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის

ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის, მომავალი წლიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Transavia France იწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.
„მნიშვნელოვანია, რომ Transavia France თბილისში პარიზის, ორლის აეროპორტიდან იფრენს. ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთის დედაქალაქი საქართველოს დედაქალაქთან უკვე ორი აეროპორტის საშუალებით იქნება დაკავშირებული, ხოლო პარიზის მესამე აეროპორტში (ბოვე) ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება“, -განაცხადა ქარქაშაძემ.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.
ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.