საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო მაუწყებლები გააფრთხილეს

კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ღირებულების დაგვიანებით გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის ათი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
გაფრთხილება მიიღეს შემდეგმა მაუწყებლებმა: BMG, „ალტ-ინფო", „ტელერადიოკომპანია ქვემო ქართლი", „მარნეული TV", „აფხაზეთის მედიაცენტრი, „მომავლის რეკლამა", „იმპერია", „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა", Med FM და „მედია ჯგუფი".
ეროვნული კომისიის ცნობით, მაუწყებლებმა ფასიანი საარჩევნო რეკლამის ფასი წარადგინეს 1-ელი სექტემბრის შემდეგ და არა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში ხუთი კალენდარული დღის ვადაში.
კომისია გაფრთხილებით შემოიფარგლა, რადგან ეს იყო ბოლო წლის მანძილზე წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნების წესის პირველი დარღვევა.
რეკლამა მედიაში
საქართველოში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფი ყველა ტელევიზიაში წინასწარ არის ცნობილი და დამოკიდებულია მაუწყებლებზე - ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
მაუწყებლები ვალდებული არიან საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ განაცხადონ ამის შესახებ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად წარუდგინონ შემდეგი ინფორმაცია:
რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გათვალისწინებული საეთერო დრო;
ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი საეთერო დროის ხანგრძლივობა და განრიგი;
გაწეული მომსახურება.
ამასთან, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის მთლიანი მოცულობის 15%-ს. არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს მითითებული დროის მესამედზე მეტი.
პოლიტიკური/საარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფა რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა.
თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ ისარგებლა მისთვის გამოყოფილი საეთერო დროით, მაუწყებლობაზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს აღნიშნული დრო დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გადაანაწილოს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.