„რთველი2024": საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთო რაოდენობიდან, 276 ათას ტონამდე კახეთის, 1.630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.
ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 415 მლნ ლარი შეადგინა - რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.
რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას აძლევს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და მევენახეს 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
ჭარბი მოსავლის პირობებში „საფერავის" დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე-ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული აღნიშნული ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
რაჭის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 2 ათასი ტონის ფარგლებშია.