პარლამენტის თავმჯდომარემ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა კანონპროექტების პაკეტს და იგი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.
„დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა სალომე ზურაბიშვილმა... კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს", - დაწერა სოციალურ ქსელში პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონზე ხელის არმოწერას „უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერის" გადაწყვეტილება უწოდა.
„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს - ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
კანონი „საკანონმდებლო ორგანოში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.