ზახაროვა: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები აშშ-ის ქმედებებმა გაამწვავა

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია სწორედაც რომ შეერთებული შტატებისა და ვაშინგტონის ქმედებებმა გამოიწვია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
რუსი დიპლომატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე მიისაკუთრა უფლება, ერთპიროვნულად დაკავდეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით. მათ საკუთარ ინტერესებს მოარგეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებებიც და უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებებიც
„თუნდაც გასული წლის განმავლობაში სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, კერძოდ, ბატონი ბლინკენი... ნიანგის ცრემლებს ღვრიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ტკივილს გრძნობს და როგორც ებრაელი ხალხის წარმომადგენელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ რეგიონში მშვიდობა დააბრუნოს. და ასეთი მწუხარე სახით მთელი წელი ეწეოდა „ჩელნოკურ“ დიპლომატიას. სადამდე მიგვიყვანა ამ დიპლომატიამ, გუშინ ღამით ვნახეთ“, — აღნიშნა ზახაროვამ
მისი განმარტებით, ახლა კონფლიქტის ძირითადი ელემენტები განეიტრალებული კი არა, პირიქით, გააქტიურებულია და ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ვაშინგტონს ეკისრება.
Jerusalem Post-ის ცნობით, გუშინ ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით კი ირანმა დაახლოებით 180 რაკეტა ესროლა ისრაელს, რომელთა უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ჩაიჭირა.