თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის ავიაკომპანიებმა ARKIA-მ და EI AI Israel Airlines-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 2 ოქტომბრის ღამით დაგეგმილი რეისები გააუქმეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
აეროპორტის ინფორმაციით, 1 ოქტომბერს ავიაკომპანია ARKIA-მ გააუქმა თბილისი-თელ-ავივის რეისი, რომელიც თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა შესრულებულიყო.
გარდა ამისა, გაუქმდა „ისრაელის ავიახაზების" რეისი თელ-ავივის მიმართულებით, რომელიც უნდა განხორციელებულიყო 24::20 საათზე, თუმცა, რეისი 2 ოქტომბერს, ოთხშაბათს 14:00 საათზე ლარნაკას (კვიპროსი) მიმართულებით შესრულდება.
ავიარეისების გაუქმების მიზეზი აეროპორტში არ განმარტეს. ამასთან, გუშინ, ირანის მასიური შეტევის გამო ისრაელმა დახურა თავისი საჰაერო სივრცე, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნა.
1-ელი ოქტომბრის საღამოს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ისრაელზე თავდასხმა ახსნა, როგორც „ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას, „ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ირანის რევოლუციური გვარდიის ბრიგადის მეთაურის, აბას ნილფორუშანის მკვლელობაზე პასუხი.
ბალისტიკური რაკეტები ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების მიმართულებით იქნა გაშვებული.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავენ ახლო აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე მძლავრი დარტყმების განხორციელებას, იუწყება ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი.