მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში - საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

როგორც უწყებაში განაცხადეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არანაირი შეტყობინება დაგზავნილი არ არის
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ თითქოსდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი უფროსის სახელით მიღებული შეტყობინებების ისტორიას, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, 2 ოქტომბრის დილიდან ერთიანი მომსახურების ცენტრის „ცხელ ხაზზე" იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ასევე, განვმარტავთ, რომ არანაირი შეტყობინება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დაგზავნილი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.