რამდენი უცხოელი გააძევეს საქართველოდან - სექტემბრის მონაცემები

უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს და საქართველოდან გააძევეს სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ქვეყნიდან იძულების წესით იქნა გაძევებული.
კერძოდ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევეს თურქმენეთის, ერაყის, თურქეთის, ინდოეთის, ირანის, ნიგერიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, იორდანიისა და პაკისტანის მოქალაქეები.
გაძევებულთა შორის არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, აღნიშნულია ინფორმაციაში.
აგვისტოში ქვეყნიდან 33 უცხოელი გააძევეს.
ვის აძევებენ საქართველოდან
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლებელია გაძევებულ იქნას საქართველოდან იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა ქვეყანაში; თუ აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; თუ მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გაძევებულ იქნას ქვეყნიდან, თუ იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; თუ მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; თუ მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ.
უცხოელის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.
დეპორტაციას დაქვემდებარებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა 10-დან 30 დღემდე ვადა, რათა საკუთარი ხარჯებით დატოვოს ქვეყანა. თუ იგი ქვეყანას არ დატოვებს, მის მიმართ იძულებითი დეპორტაციის პროცედურა განხორციელდება.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელების საქართველოდან გაძევების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს იღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების სხვაგვარი ანაზღაურება შეუძლებელია.