თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
ზურაბიშვილმა კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა, ანუ ხელი არ მოაწერა და ასევე არ გამოიყენა ვეტოს უფლება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს კანონპროექტებზე ხელმოწერისთვის ხუთი დღე აქვს.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.