მსოფლიო დღეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" განცხადებით, ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია ისრაელის ტერიტორიაზე ირანის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
უწყების ინფორმაციით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
1-ელი ოქტომბრის საღამოს ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა - ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ისრაელზე თავდასხმა ახსნა, როგორც „ჰეზბოლას" ლიდერის ჰასან ნასრალას, „ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ირანის რევოლუციური გვარდიის ბრიგადის მეთაურის, აბას ნილფორუშანის დაღუპვაზე პასუხი.
ბალისტიკური რაკეტები ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან სამხედრო და უსაფრთხოების ობიექტების მიმართულებით იქნა გაშვებული.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები გეგმავენ ახლო აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე მძლავრი დარტყმების განხორციელებას, იუწყება ისრაელის ტელევიზიის მე-12 არხი.