აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ქობულეთის საწარმოში ქართულ-სლოვაკური ინვესტიცია კომპანიამ „შპს იბერია ორბი“ განახორციელა. ამ ეტაპისთვის, 3,5 მლნ ევროზე მეტი დაიხარჯა, თუმცა კომპანია დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს.
ქარხანა სარეალიზაციოდ მოამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის ტრანსპორტირებისთვის. ასევე აქვს სამაცივრო მეურნეობა 3 ათას ტონამდე ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, მზად არიან უკვე მიმდინარე წელს ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი.
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია რეგიონში შემოიტანოს ამ ინდუსტრიისთვის საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია.
მისი შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.
„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი - ამ საწარმოდან, შესაძლოა, მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საუბარია არა მხოლოდ აღნიშნული საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს, დასძინა მინისტრმა.
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით და ასევე გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში", - განაცხადა დავითაშვილმა ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.
აჭარაში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრამდე საქართველომ 23,4 მილიონი დოლარის ღირებულების 36,2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განახორციელა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 144%-ით, ხოლო წარმოების ღირებულება 183%-ით გაიზარდა.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.