თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილე მიულოცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ამყარებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ხალხთა შორის ძლიერ კავშირებთან ერთად, უამრავ შესაძლებლობას უქმნის ორივე ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაფართოებას და გაძლიერებას“, – ნათქვამია კობახიძის მისალოც წერილში.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივლისში 11,6%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2023 წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ხოლო 2024 წლის მაისში ჩინეთმაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა.