ესპანეთი ქართულ მართვის მოწმობას აღიარებს: შეთანხმება ძალაში შევიდა

მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთთან.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ვახტანგ გომელაურმა და ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის აპრილში მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც დაექვემდებარებიან გადაცვლას.
კერძოდ, AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს ასევე გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთთან.
საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.