„ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები დანიურად ითარგმნა

წიგნის პრეზენტაცია დანიაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში შოთა რუსთაველის საკულტო პოემა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მე -12 საუკუნეში შექმნილი ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრის თარგმანის პრეზენტაცია 27 სექტემბერს ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გიორგი სისაურის კალიგრაფიის ხელოვნების მასტერ-კლასის თანხლებით გაიმართა.
„ღონისძიებამ ქართული ისტორიისა კულტურის მიმართ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპელი სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში მომდევნო დღეებში სტუმრები იხილავენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენას - უილიამ შექსპირის „ოტელოს“ და სამი დღის განმავლობაში ქართული კინოს რეტროსპექტივას.
ფესტივალის სტუმრებმა უკვე იხილეს: „დეტ-ნი თეატრში“ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი; ანსამბლ „ბასიანის“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი, რომელიც კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დანიის სამეფოში, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ქართული კულტურის დღეები იმართება - პროგრამა ითვალისწინებს ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნების, კინოხელოვნების წარმოჩენას.
ქართული კულტურის დღეები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას, ევროპელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობას.