თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა არის სცენარი იმისა, რომ დამკვირვებლების მიერ არჩვევნების შედეგების აღიარების მიუხედავად, ქვეყანაში იქნება პროტესტი, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მაკკეინის ინსტიტუტმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიში მოამზადა - ანგარიში ეყრდნობა მისიის შედეგებს, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს იმყოფებოდა. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ს, განიხილოს არჩევნებიდან ორი კვირის განმავლობაში კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გაგზავნა იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს მმართველი პარტია და შედეგებს აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. დელეგაცია მხარს დაუჭერს ქართველ დამკვირვებლებსა და დემონსტრანტ მოქალაქეებს და ასევე შეიძლება გახდეს შესაძლო ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებისა და დევნის შემაკავებელი ფაქტორი.
არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ აუცილებლად მტკიცედ დაუჭერენ მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი ხელის შეშლა გამოიწვევს საერთაშორისო დახმარებისა და მთავრობასთან თანამშრომლობის შეწყვეტას, სანქციებს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას.
„პირდაპირ დებს სცენარს, რომ პროტესტი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებული იქნება ეს დამკვირვებლების მხრიდან და ამ პროტესტს უნდა მხარი დაუჭირონ. ეს რა არის, თუ არა პირდაპირი სცენარი არეულობის და დემოკრატიის ძირის გამოთხრის. ეს დოკუმენტი არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მთლიანობაში საინტერესო დოკუმენტია, რომელიც არის ერთგვარი სახელმძღვანელო სპეცსამსახურებისთვის.
„ამ დოკუმენტს თუ წაიკითხავთ, ეს არის სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს კლასიკური მაგალითი, სადაც პირდაპირ გაწერილია არეულობის გეგმა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაციებს რჩევა მისცენ აღიარონ არჩევნების შედეგები და შეწყვიტონ პროტესტი, მაკკეინის ინსტიტუტი მათ პროტესტის დაკვირვებისკენ მოუწოდებს.
„უცხოელი დამკვირვებლების დასტურით „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუკი არავინ, არც ერთი დამკვირივებელი, გარე აქტორები კითხვის ნიშანს არ დასვამენ, იგი მოუწოდებს აშშ-ს და ევროკავშირს დააკვირდნენ პროტესტს, რომელიც ამას მოჰყვება. იმას კი არ ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროპამ უნდა უთხრას თავის „ენჯეოებს“, აღიარონ არჩევნები და პროტესტს შეეშვან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტის შეფასებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით მოსვლა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არალიბერალურ პოლიტიკის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ ჩახშობას და ევროკავშირის რეფორმებთან შეუსაბამო, საკამათო უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას.
28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.