FourFourTwo-მ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეების ტოპ-ათეულში დაასახელა

23 წლის გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის მეკარეთა „ოქროს ბურთის“ (Yashin Trophy) ჯილდოს ნომინანტებს შორისაა.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების რეიტინგში შეიყვანა.
გიორგი მამარდაშვილი რეიტინგის ტოპ-ათეულში მეცხრე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „ლივერპულის“ მეკარე ალისონია.
საუკეთესო მეკარეების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1.
ალისონი (ლივერპული)
2.
ედერსონი (მანჩესტერ სიტი)
3.
დავიდ რაია (არსენალი)
4.
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)
5.
მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
6.
ტიბო კურტუა (რეალი)
7.
მაიკ მენიანი (მილანი)
8.
უნაი სიმონი (ბილბაო)
9.
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)
10.
ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.