ნიუ-იორკში ქართული ღვინო დააგემოვნეს

ღვინის პროფესიონალები 30-ზე მეტი ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის სფეროში მოღვაწე 400-მდე სტუმარი დაესწრო, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერ-კლასს მოიცავდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანია Colangelo&Partners-ის ორგანიზებით გაიმართა.
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალების გარდა, მედიისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო, გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია ქართული ვაზის ჯიშების, საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8-ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კომპანია Colangelo & Partners 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც 2013 წლის შემდეგ მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.