გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი 2023 წლის 20 მარტს დაიკავა.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ამილახვარმა განაცხადა, იგი კერძო სექტორში ბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
„არჩევნებამდე მინისტრის თანამდებობას ვტოვებ, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა მოვიდეს სამინისტროში და უხელმძღვანელოს სისტემას“, - განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტი 2023 წლის 20 მარტს დაიკავა. მანამდე იგი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
ამილახვარმა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ამილახვარს განათლების მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით", - განაცხადა კობახიძემ.
მან ექს-მინისტრს კერძო სექტორში, სადაც იგი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე საქმიანობდა, წარმატებები უსურვა.