თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. ბაღდათი-აბასთუმნის გზისა და აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 5 ახალი ხიდი და 368 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც უკვე გაჭრილია.
„ორ რეგიონს - იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთს შორის კავშირისა და უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისათვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტების ეკოსისტემის დაცვის და მისი ახალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი საგზაო უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ამცირებს მგზავრობის მანძილსა და დროს. კერძოდ, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1,5 სთ-ით შემცირდება და 4 სთ-ის ნაცვლად, მგზავრობას მხოლოდ 2,5 სთ დასჭირდება.
ამ ეტაპზე უკვე გაჭრილია გვირაბი, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის დაახლოებით 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 92 მლნ ლარით ფინანსდება