საქართველო მზად არის დიალოგისთვის, აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილების მიუხედავად - დარჩიაშვილი

მინისტრის თქმით, ზოგიერთი მედიის მიერ გავრცელებული ტყუილი დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმდა, მზად არის შეერთებულ შტატებთან ღია და გულწრფელი დიალოგისთვის, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კობახიძის მიწვევის გაუქმება და უარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე ახსნა შეშფოთებით „საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით".
„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგს და აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ გააჩნია.
„დიალოგი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან სინანულით აღნიშნა ასევე, რომ საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.
ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევა გაუქმებულია>>
„ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ამას ეფექტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ზიანდება ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებას არასერიოზული უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მეტიც, მან ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის ერთ-ერთი გამოვლინება.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა იმდენად სავალალოა, რომ მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ერიდება „ყველა სტანდარტის ქვემოთ“ მოქმედებას მხოლოდ იმისთვის, რომ ოპოზიციას ბიძგი და სალაპარაკო მისცეს.
წინა დღეს პაპუაშვილმა ღიად განაცხადა, რომ უცხოელები, კერძოდ, პოლიტიკოსები და ექსპერტები აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით კი არჩევნების წინ.
მტკიცებულების სახით იყო მოყვანილი დასავლელი პოლიტიკოსების არაერთი განცხადება, რომელიც შეიცავდა მმართველი პარტიის მკვეთრ კრიტიკას, რომელიც გაკეთდა სექტემბრის დასაწყისიდან სამი კვირის განმავლობაში. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს მიიჩნია უმწეო ოპოზიციის მხარდაჭერის მცდელობად, რომელსაც აშკარა დამარცხება ელოდება.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.