პრემიერი გაეროში: საქართველო გზაგასაყარზე დგას

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე გადის, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველო გზაგასაყარზე დგას და ხელისუფლება აპირებს მის მართვას ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე.
„ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავძლიოთ ჩვენ წინაშე მდგარი ყველა გამოწვევა და გავხდეთ უფრო ძლიერნი და წარმატებულნი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“, - განაცხადა კობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხში.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირმა შეაჩერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და არ გამორიცხა უვიზო რეჟიმის შეჩერება, რომლითაც ქვეყანა 2017 წლიდან სარგებლობს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ემსახურება აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას.
„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად მან მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დაასახელა.
კობახიძემ ძმები და დები უწოდა აფხაზებს და ოსებს, რომლებიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ, და აღნიშნა, რომ ქართველებს მათთან ერთად ერთიან, მშვიდობიან და განვითარებულ საქართველოში სურთ ცხოვრება.
„ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.