თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათგან 58 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებულ, ხოლო დანარჩენები კი - 55 და 31 წლის მამაკაცები, რომლებიც წარსულში ნასამართლევები არიან, - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
გამოძიებით დადგინდა, რომ 24 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დიდ დიღომში ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 31 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს კიდევ ორი ადამიანი შეესწრო, თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.