პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების პირობა დაასახელა

Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ რომელიმე ქვეყანა რუსეთის ან ბელარუსის წინააღმდეგ თუნდაც ჩვეულებრივ იარაღს გამოიყენებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია ბელარუსის ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთანაც.
„ბელარუსულ მხარესთან, ბელარუსის პრეზიდენტთან, ყველა ეს საკითხი შეთანხმებულია; მათ შორის, თუ მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით შეუქმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვენს სუვერენიტეტს“, — თქვა რუსეთის ლიდერმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე რომელიც ბირთვულ შეკავებას ეძღვნებოდა.
ამასთან პუტინმა განმარტა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განხილული იქნება მაშინვე, როგორც კი მოსკოვი რუსეთზე მასიური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

„ასეთი შესაძლებლობის განხილვას დავიწყებთ უკვე მაშინ, როგორც კი სანდო ინფორმაციას მივიღებთ საჰაერო კოსმოსური თავდასხმის იარაღის მასიური გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, დრონებს, ჰიპერბგერით და სხვა მფრინავ აპარატებს“, — დააკონკრეტა მან.

ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების პროექტში გაფართოვდა ქვეყნებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორია და გაფართოვდა სამხედრო საფრთხეების სიაც.