თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ამერიკელმა სენატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით ორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად აღიარების შესახებ.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „აირჩიე ევროპა“ და მათი ლიდერები აღიარებულ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, განაცხადა 24 სექტემბერს ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე.
„შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები "განსაზღვრული საარჩევნო მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ამზადებენ სადამკვირვებლო მისიებს საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის, მაგრამ თავად საარჩევნო რბოლის მხარეები არ არიან.
„ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმის მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).
სენატორების განცხადებით, დაუშვებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებისა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა ინსტრუმენტების" შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის.
„გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად”, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
ეკა გიგაური 12 სექტემბერს სენატში საქართველოს სახელით მომხსენებელი იყო. მან ქვეყნის ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამერიკელი სენატორების წინაშე გამოსვლისას გიგაურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს, რომ დასავლეთი ცუდია, მაგრამ ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომ ადამიანებს კითხვები გაუჩნდეს.
მისი თქმით, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს და ეროვნულ ინტერესებს, რომ ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია მხოლოდ ლგბტ თემის უფლებების დაცვითაა დაკავებული და ლგბტ პროპაგანდას ეწევა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ერთ-ერთი მწვავე ოპონენტი იყო. კანონის მიღების შემდეგ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ უარი თქვა მის შესრულებაზე - უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე და ფინანსური დეკლარაციის შევსებაზე.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.