ილია დარჩიაშვილმა ჰონკ-კონგთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა

უვიზო რეჟიმი საქართველოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ჰონგ-კონგის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს იმოგზაურონ და აწარმოონ ბიზნესი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
2024 წლის 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონში - ჰონგ-კონგში უვიზოდ გამგზავრებასა და იქ 30 დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებენ.
„ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ სავიზო შეზღუდვების გარეშე ხსენებულ რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მეორეს მხრივ, მინისტრის თქმით, ჰონგ-კონგთან უვიზო რეჟიმი მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს ბიზნეს-სექტორისთვის და მისი განვითარებისთვის.
„ჰონგ-კონგი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ცენტრი და ეს რა თქმა უნდა, დაეხმარება ჩვენს ბიზნეს წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს იმისთვის, რომ ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ჰონგ-კონგში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილების მიღებაში და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო მიმოსვლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ გადაადგილება და ასევე, ხელი შევუწყოთ, რომ თავისუფლად შეძლონ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, ნუსხა იმ ქვეყნების, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ იმოგზაურონ, საკმაოდ გრძელია, და მომავალში ის გაიზარდება.
„მომავალში გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გადაადგილდნენ საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).