თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, რუსთავში, პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის საშუალებით უკანონოდ იჭერდა თევზს - სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 4,1 კგ. ხრამულის სახეობის თევზი.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
საქართველოში აკრძალულია თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით.
ეს ფასდება როგორ ბრაკონიერობა, 2023 წლის 1 დეკემბრიდან კი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.