მსოფლიო დღეს

ერდოღანი: სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელი გარკვეულმა ლობებმა შეუშალეს

Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სტამბულში 2022 წელს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებებს მიზნის მიღწევაში გარკვეულმა ლობებმა შეუშალეს ხელი, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა აშშ-ში ვიზიტის დროს.
„სტამბულში მოლაპარაკებებმა დაადასტურა თურქეთის აქტიური როლის წარმატება. მაგრამ გარკვეულმა ლობებმა არ მოისურვეს, რომ ამ ძალისხმევებს მიზნისთვის მიეღწია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ომი დასრულდეს და ახალი ნგრევები არ დავუშვათ“, — აღნიშნა ერდოღანმა.
მანამდე სტამბულის მოლაპარაკებების ჩაშლაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლელი ლიდერები, კერძოდ ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერი ბორის ჯონსონი დაადანაშაულა.
როგორც მან განაცხადა, სტამბოლში კიევის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამშვიდობო შეთანხმების თითქმის ყველა პარამეტრი პრაქტიკულად მიღწეული, ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ „მერე ბატონი ჯონსონი ჩამოვიდა და უკრაინელებს ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა უბრძანა“.
გარდა ამისა, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს მსგავსი განცხადება გააკეთა ზელენსკის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა უმაღლეს რადაში და ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა დავით არახამიამ. მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციები შეიძლებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება, დასავლეთის ზეწოლის გამო, არ დათანხმდა კონფლიქტის დასრულებას და უარი თქვა პირობაზე, რომელიც უკრაინის ნეიტრალიტეტს გულისხმობდა.