თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ სრულად გააქარწყლა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიისა და სამართლიანობის რეგრესია, დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ინდექსის თანახმად, რომელიც მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეყრდნობა, შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82% მიიღო, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინდექსი აფასებს ხარისხს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულების უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომობით.
„სანამ საქართველოს „ბელორუსიზაციაზე“ ისაუბრებენ ჰარჩინსკები, ბლინკენები და მილერები, ჯერ მსოფლიო ბანკი შეიყვანეთ სანქცირებულთა სიაში, თორემ ჩამოიშალა ყველანაირი „ნარატივი“ და ბინძური პროვოკაცია, საქართველოში დემოკრატიისა და მართლმსაჯულების უკუსვლაზე?!", - განაცხადა ქადაგიძემ.
დეპუტატის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მსგავსი კვლევები „გააგიჟებს“ როგორც ადგილობრივ, ისე „იმპორტულ ნაცებს“.
„ვატყობ, რომ არჩევნებამდე ცალკე ეს კვლევები გააგიჟებს ადგილობრივ და „იმპორტულ“ ნაცებს და ცალკე, ამომრჩევლების განწყობა, რომელიც ყველაზე ავთენტური ინდექსია გლობალური ომის პარტიის გამანადგურებელი მარცხისა და საქართველოდან საბოლოო მოკვეთისა,“- დაწერა ქადაგიძემ.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, გლობალური ომის პარტია – ესაა წონიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩართვას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ქართულ ოცნებაში“ „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
2023 წლის მონაცემებით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის შემდეგ კანდიდატ, ასევე ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: რუმინეთი, პოლონეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, უკრაინა და გაუტოლდა უნგრეთსა და ხორვატიას.
11-წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო საკუთარი რეიტინგის 21 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესება, რაც საუკეთესო შედეგია ევროპასა და აზიაში.