თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
მემორანდუმის თანახმად, შსს-სა და ცესკოს შორის კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა მოხდება.
„დოკუმენტით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.ამასთან, მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და ცესკოს წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივ ტრენინგებს, ასევე, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის უზრუნველსაყოფად, შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდ IFES-ისა და USAID-ს ხელშეწყობით გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყველა არჩევნებთან დაკავშირებით ფორმდება.
საპარლამენტო არჩევნები -2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.