თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მეკარე, 23 წლის გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ვალენსიასა" და „ჟირონას" შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
„ვალენსიამ“ მეტოქეს საკუთარ მოუდანზე უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:0. გოლები ხუანპემ (ავტოგოლი, 56-ე წუთზე) და დანიელ გომესმა (58-ე წუთზე) გაიტანეს.
მამარდაშვილმა სამი სეივი შეასრულა. „ჟირონასთან" მატჩი მამარდაშვილისთვის ამ სეზონში პირველი იყო, სადაც მან კარის „მშრალად" შენახვა მოახერხა.
ლა ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „ვალენსიას“ 4 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება.
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წამყვანი სპორტული გამოცემების ვერსიით კონტინენტური პირველობის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.