საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ-ს 22-26 სექტემბერს ეწვევა, სადაც მაღალი დონის რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.