თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას სანქციებით მუქარის არ ეშინია, რადგან ის ემსახურება სამშობლოს, ქართველ ხალხს და გააკეთებს მხოლოდ იმას, რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
„რაც არ უნდა შემოტევები იყოს, რაც არ უნდა მუქარები იყოს სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ქვეყანას და მის მომავალს, ბავშვებს და მომავალ თაობებს.
„დღეს კი გვეუბნებიან, რომ თურმე გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, რომ გამჭვირვალობა აფერხებს ქვეყნის სვლას ევროინტეგრაციისკენ. კანონი “გამჭვირვალობის შესახებ” შერაცხეს “რუსულ კანონად”, - განაცხადა კალაძემ.
მან „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ბინძური კამპანიის ნაწილი უწოდა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
კალაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე თავის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა.
„ამ ნაბიჯებით ჩვენ დავაზიანებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ჩვენი უმთავრესი ინტერესი კი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა“, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მან მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პრინციპების და ქვეყნის ინტერესების ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითი უწოდა.
„მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ეს ადამიანი“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ივანიშვილი გახდა შანტაჟის ობიექტი იმის გამო, რომ კატეგორიული უარი თქვა შეიარაღებულ დაპირისპირებაში საქართველოს ჩათრევაზე.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
2022 წლის მარტიდან სატრასტო კომპანიებმა უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. მილიარდერის იურისტები ერთი მეორის მიყოლებით სასამართლო პროცესებს იგებენ, მაგრამ მოპასუხეები ახალ-ახალ წინაღობებს ქმნიან. თუმცა თანხების ნაწილი ივანიშვილმა მაინც დაიბრუნა.
„რეალურად სანქცირებული ვარ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა 2023 წლის 30 დეკემბერს, როდესაც კვლავ პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.