საქართველო ევროკავშირისგან კეზერაშვილის გადმოცემას ელოდება - პაპუაშვილი

პაპუაშვილის თქმით, კეზერაშვილი აფინანსებს „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის არევას ცდილობს
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ელოდება დაუსწრებლად მსჯავრდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გადმოცემას, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა, სასჯელის ქართულ ციხეში მოსახდელად გადაყვანას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია ახალი ბრალდებულების დაკავების შესახებ კრიმინალური ქოლ-ცენტრის საქმეზე, სადაც კეზერაშვილია ფიგურირებს. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან მართავს.
„გასაკვირია და არანაირ ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება, რომ ოლიგარქები თავს აფარებდნენ ევროპის ტერიტორიას და დაკავებულები იყვნენ კრიმინალური საქმიანობით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით, არის რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, იმისთვის რომ მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერმა ისაუბრა ასევ კეზერაშვილის დაკავების აუცილებლობაზე, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ აფინანსებს.
„ამ მხილებებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება ჩვენი გაოცება, რომ ეს ადამიანი ამ მოპარული ფულით აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და, საკუთარი აღიარებით, ზოგიერთ „ენჯეოს“, თავს აფარებს ევროკავშირს, თბილად არის იქ მოწყობილი და ეძლევა საშუალება, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში“, - აღნიშნა მან.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს. ხელისუფლების თქმით, ისინი ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
„ქოლ–ცენტრების“ საქმე: პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში „რადიკალურ ოპოზიციას" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი აფინანსებს. ერთ-ერთ მტკიცებულებად დასახელდა კეზერაშვილის შეხვედრა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში კვიპროსში შედგა. მმართველ პარტიაში ასევე განაცხადეს ექს-მინისტრის გეგმების თაობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ოპოზიციისთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. 2023 წელს კი, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების შედეგად, ამ დასკვნამდე მივიდა BBC-იც.
დანაშულის მასშტაბი
2021-2024 წლებში საქართველოს პროკურატურამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება განახორციელა. ოპერაციებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ქოლ-ცენტრში, ათობით ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინებში, ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია დოკუმენტები და დიდი ოდენობით თანხა.
საერთო ჯამში, ჯგუფური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 89 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის მიმართ.
ყადაღა დაედო 90 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას.
დაზარალებულად აღიარეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასობით მოქალაქე, რომელთა ჯამურმა ზარალმა 30 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროკურატურა მოსახლეობას მოუწოდებს, თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.